ომის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილი და ზურაბ გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლა…

აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას მიენიჭა.
2021 წლის 1 აპრილს, საინიციატივო ჯგუფის – ია ღადუას, ირაკლი შამათავას, რამაზ გერლიანის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“, ფეისბუქის გვერდზე,  რუბრიკით „ერთი გმირის ისტორია“ იხსენებს ზურაბ გურჩიანს და მის გმირობას.

ზურაბ გურჩიანი 1971 წლის 23 მაისს დაიბადა; მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. მამა – ვლადიმერ გურჩიანი, ისტორიის მასწავლებელი იყო, დედა – ნინელი გურჩიანი – ფიზიკა-მათემატიკის, ხოლო და, ლელა გურჩიანი ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა წარჩინებით და როცა აფხაზეთში, საომარი მოქმედებები დაიწყო, 21 წლისა, საკუთარი სურვილით ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის II ასეულში ე.წ. „ბაგრატიონის ასეულში“ მსროლელად ჩაირიცხა. ზურაბ გურჩიანი ერთ-ერთი იყო იმ გმირთაგან, რომლებიც 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზ-რუს-ჩრდილო კავკასიელთაგან კამანის დაცვისას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და ბრძოლის ველზევე შეუერთდნენ უკვდავებას…
ნინელი გაბრიჭიძე,ზურაბ გურჩიანის დედა:
„…ზოგადად, წყნარი ბუნების იყო, მაგრამ თუ ვინმეს ჩაგრავდნენ, წამიერად აალდებოდა… განსხვავებული ბავშვი იყო, დიდობაშიც – სხვანაირი! მას ჰქონდა საოცარი თვისება, მცირე დროში მოესწრო ყველაფერი. როგორც დედა, სულ ვგრძნობდი, დიდი ხნის არ იყო და მას განსაკუთრებულ ბედისწერას უმზადებდა განგება. გასაკვირი არაა, რომ 22 წლის ბიჭმა ამდენი მოასწრო სიცოცხლეში?!
ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ, სტუდენტობის დროინდელს… ეს მოხდა მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტის“ სადგურში. ვაგონში გვერდიგვერდ ვიდექით მე და ზურა. ისეთი მაღალი იყო, ზემოდან გადმომყურებდა. დედაშვილობის მადლით, მკლავებში ვყავდი მიყუჟული. ასეთ დროს, წესით, ყურადღება მოდუნებული უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სულიერს. მაგრამ, ჩემდა მოულოდნელად, ხელი გამიშვა, ვაგონის ბოლოსკენ გადაინაცვლა და მობარბაცე უცნობ ბიჭს სტაცა ხელი… ხმაურსა და მგზავრთა შეძახილზე ვაგონი გაჩერდა. მატარებლის კარები რომ გაიღო, დავინახე, ვიღაც ბიჭი ხელში აყვანილი მიჰყავდა. – დედა, აქ დამელოდე, მალე მოვალო, – დამიბარა. მეტროს მოსაცდელში დიდხანს ვუცდიდი, ათას ფიქრებში გართული. ამასობაში ზურაც დაბრუნდა. ვკითხე, სად წაიყვანე ის უცხო ბიჭი-მეთქი. დედა, ის დაჭრილი იყო და სახლამდე მივაცილეო.
დღემდე ვიგებ სხვადასხვა ისტორიას, როგორ ძმასავით იცავდა თანაკურსელ გოგონებს, რომ აბეზარ ბიჭებს არ შეეწუხებინათ. დღემდე მომდის ხმები, როგორ არ უკადრისობდა სანიტრობას, როგორ მიჰყავდა ტროლეიბუსამდე მოხუცები და შშმ პირები. ალბათ ამიტომაც ოცნებობდა ექიმობაზეც. ალბათ ამიტომ ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულტეტზე. სამომავლო პროფესიაც ისეთი უნდოდა ჰქონოდა, მუდამ სხვის სამსახურში ყოფილიყო, მაგრამ არ დასცალდა…
მერე იყო აფხაზეთის ომი. სოფელ კამანის ტრაგედია… როგორც კი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე, წამიერად გავიაზრეთ, რომ ზურა მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს შვილი იყო… 28 წლის მანძილზე, ყოველდღე ვდგავარ მისი ფოტოს წინ და ვკითხულობ წერილს, საიდანაც ჩამესმის: „მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი“. – ამ სიტყვებს უთუოდ ხელის კანკალით და ნაჩქარევად წერდა, მე ვგრძნობ სტრიქონების ინტერვალს შორის დატეულ უსაზღვრო ტკივილს. ვგრძნობ, რომ ისეთ ვითარებაში წერდა, როცა ზარბაზნების და ქვემეხების კვამლში წერა კი არა, სუნთქვაც გაჭირდებოდა.
…და მაინც, მისთვის ყველაზე რთულ დროს, წერილშიც იმედის ნაპერწკალს გვიტოვებდა: „ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშინია“, დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნებიო მანდ“…
იოსებ გერლიანი, ვიცე-პოლკოვნიკი; 23-ე ბრიგადის III ასეულის მეთაურის მოადგილე:
„რამდენჯერმე ვარ მათთან სახლში, ეცერში ნამყოფი; კარგი ოჯახის შვილი იყო; თავის ოჯახში გამიმხილა, რომ ომში წამოსვლა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა უნდოდა. სულ ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან კამანში. კამანში მებრძოლების თითქმის 99 პოცენტი თავისი სურვილით იყო მოსული საომრად.. მოვიდა და თქვა, გავიგე, აქ ჩემი ნათესავები, მოგვარეები ხართ ყველაზე ცხელ წერტილში და აქედან გამომდინარე, მეც მინდა, რომ თქვენ გვერდით ვიბრძოლო, როგორც ძმამ და მეომარმაო.
ყველა მისთვის დავალებულ საქმეს პირნათლად, უშიშრად ასრულებდა. ნამდვილი ვაჟკაცი, ძალიან ენერგიული, აქტიური, რომ იტყვიან, ცეცხლის ალივით ბიჭი იყო; მისი წერილი თუ წაიკითხეთ, მე რა უნდა გელაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც იმ წერილში თავად დაწერა… ყველა სიტყვა კარგად მახსოვს იმ წერილიდან: „ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლებიან. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდაო“… –  ესაა მართლა ვაჟკაცის სიტყვები!
…მე არ მიყვარს მებრძოლების, გმირების გამორჩევა. მიმაჩნია, რომ ვინც იარაღი ხელში აიღო და საბრძოლველად ერთი ნაბიჯი გადადგა, ისინი, სინამდვილეში, ყველანი გმირები არიან – ქალი თუ კაცი!.. არავინ უნდა დაივიწყოს ისინი.. რადგან არ ვიქნებით მართალნი არც უფლის და არც მათი სულების წინაშე! მადლობა თქვენ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ყველას, ვინც ამ გმირების სახელებს არ ივიწყებს“!
მამუკა ჯალაღონია, 23-ე ბრიგადის II ასეულის მეთაურის მოადგილე:
„პირველად სოხუმში ვნახე, იქ გავიცანი, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა იყო – 10-12 წლით, თუ მეტით არა. ძალიან პატიოსანი, წესიერი, კეთილშობილი, ახალგაზრდა კაცი – თავის სამშობლოზე ძალიან შეყვარებული იყო..უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა – აი, ეს შემიძლია გითხრათ…უყვარდა სამშობლო და ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა – თავისი სიცოცხლე, დაუფიქრებლად შესწირა თავის ქვეყანას. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე… ასეთ ვაჟკაცებზე იდგა ყოველთვის ეს ქვეყანა..ასეთი ახალგაზრდები იცავდნენ აფხაზეთს და საქართველოს მთლიანად.. მათი სახელები უნდა იცოდეს მთელმა ქვეყანამ, მომავალმა თაობამ..მადლობა თქვენს სამსახურს და ყველას, ვინც ასეთი გმირი ბიჭების სახელებს უკვდავყოფთ“…
იორამ პაკელიანი, ზურაბ გურჩიანის მეგობარი:
„როგორი იყო ზურა? სპეტაკი ადამიანი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით და მერე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს, წარმოშობით, ჩემი გვარი ეცერიდანაა; სამაგალითო მშობლები ჰყავდა… სამწუხაროდ, მისი მამა, ვალო ბიძია გარდაიცვალა… ზურიკოს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ყველაფრის – მეგობრობის, ძმობის; მეგობრის გამო გულს ამოიღებდა, თავს გაწირავდა. პატრიოტული სულისკვეთების პიროვნება იყო, ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, განათლებული… თითქმის სულ ერთად ვიყავით, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.
გამოცდები ჩაბარებული გვქონდა უკვე, ომი რომ დაიწყო აფხაზეთში, მან სოხუმში დარჩენა გადაწყვიტა, თავისი წიგნები და ნივთები ჩემთან გადმოიტანა. მე, სოხუმში, „შუქურასთან“ ვცხოვრობდი… ვკითხე, რას აპირებ, ხომ იცი, სახლში თუ არ დაბრუნდი, მშობლები ძალიან ინერვიულებენ, ომია, არ იცი, მომავალში რა იქნება-მეთქი.. თავი ჩაღუნა, წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა – ჩემი ძმები როგორ მიგატოვოთ, როგორ გავერიდო აქაურობას, მაშინ რაღაა ან ვაჟკაცობა, ან ქვეყნის და ძმების სიყვარულიო…
ახლაც 28 წლის შემდეგაც, ჟრუანტელს მგვრის მისი სიტყვების გახსენება… „ბაგრატიონის ასეულში’“ მისი სოფლელი ბიჭები იყვნენ, მისი ბიძაშვილიც – ცხონებული გოგი გურჩიანი. ბეჩოდანაც იყვნენ.. მათთან ერთად გადაწყვიტა იქ გაწევრიანება…
პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს, მისი შენაერთი დისლოკაციის ადგილს იცვლიდა ხოლმე.. მე კამანში გავიზარდე და ძირითადად, სულ კამანში ვიყავი… ვიცოდი, რომ ზურიკოს შენაერთი „სოხუმჰესზე’’ იდგა.. კამანის ტრაგედიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე – მე მაშინ პოსტზე ვმორიგეობდი და ჩემი ცვლის გადაბარების შემდეგ, სანგარში ვიწექი, წამთვლიმა. ვიღაცამ გამაღვიძა – თან წყლის წვეთები მეცემა სახეზე – ზურიკო, სამხედრო ფორმაში, მთლიანად სველი იდგა ჩემს წინაშე; „სოხუმჰესიდან’’ მდინარით ჩამოსულა, ღამე… გამიკვირდა – შენ აქ საიდან გაჩნდი-მეთქი და შენ რა გგონია, მარტო შენ ომობო – ჰესიდან ჩამოვედითო, მიპასუხა ღიმილით; 5 თუ 6 ბიჭი ახლდა. ცვლაში ვართ და ხვალ მინდა სვანეთში ავიდე, დედაჩემი ძალიან ნერვიულობს. ავალ, ვნახავ, რომ დავაწყნარო, რომ კარგად ვარო. 3-4 დღით აპირებდა ასვლას და მერე მოვბრუნდებიო.
ვუთხარი, ბიჭო, აღარ მობრუნდე, გავიგე, რომ ყველას თბილისში გადაუტანია საბუთები, სტუდენტებს და შენც გადაიტანე, რა გინდა აქ, ამ ომში-მეთქი… ისე შეურაცხყოფილად იგრძნო თავი – გამებუტა, ზურგი შემაქცია და რომ გადიოდა, ვუთხარი, აქვე, მამიდაჩემთან მაინც გადი, ეგ სველი სამოსი გაიხადე, ცოტა გათბი და მერე წადი-მეთქი.. არაფრით წავიდა – ბიჭებთან ერთად ვარ, რომ გავიგე, აქეთ იყავი, ამიტომ მოვედი შენს სანახავად, ძალიან მომენატრეო… ასეთი სიყვარული, მეგობრობა და ძმობა იცოდა – უსაზღვრო, რომელსაც ომი და უბედურებაც კი ვერ ერეოდა“…
მალხაზ კორძაია, ბაგრატიონის ასეულის მეთაური:
„საჯიშე ბიჭი იყო, ულამაზესი 2-მეტრიანი ვაჟკაცი. მართლაც გამორჩეული და განსხვავებული ყველასგან. სტუდენტი იყო, სწავლა მიატოვა, აკადემიური აიღო და ომში ჩამოვიდა. „მე მერხს ვეჯდე და ხალხი ომობდეს, ამას ვერ დავუშვებო“.
კაცურად, ვაჟკაცურად მოიქცა, როგორც ეკუთვნის ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანს. ჩვენთან მოასწავლეს, იმიტომ რომ ჩვენი ასეულის შემადგენლობაში ბევრი სვანი იყო. იბრძოდა ყოველთვის უშიშრად. სრულიად უშიშარი იყო, ისეთი გულანთებული მიდიოდა ყველა დავალებაზე, სულ ვშიშობდით, რომ თავს დაიღუპავდა… მაგრამ ღმერთიც სწყალობდა, სანამ სწყალობდა…
მშობლები იყვნენ ერთხელ ჩამოსულები, მთხოვეს, დედისერთა ვაჟია და როგორმე გაუშვი ბატალიონიდანო… ყველანაირად შევედი მათ მდგომარეობაში. ავუხსენი ზურაბს – გააგრძელე სწავლა და შენთვისაც გამოჩნდება საომარი-მეთქი. თუ გამიშვებ ბატალიონიდან, მე მაინც სხვაგან წავალ, სანამ ყველაფერი არ მორჩებაო. ასეთი იყო. არ გაჰყვა, ცრემლებით დაემშვიდობნენ მშობლები..
კამანის აღების დროს, ჩვენი ჯგუფი სხვა პოზიციებზე იყო. ვეჭვობდით, რაც მოხდებოდა, რადგან ახალშენი უკვე აღებული ჰქონდათ – ძირითადად, რუსები იყვნენ, ჩეჩნები და კაზაკები, აფხაზები ძალიან ცოტა. ღამის 3 საათზე ყველა შემოვიყვანე პოსტებიდან და ზურიკო არ იყო. კამანში მისი ნათესავი ცხოვრობდა – ვახტანგ ჩხეტიანი,  და რომ მოვიკითხე, ვახტანგთან გადავიდაო.
გადავედი მათთან სახლში, მეუღლე ჰყავდა ბერძენი და ვახტანგი პოზიციაზეა, ფერმასთანო, ზურიკო ხომ არ ყოფილა-მეთქი, ვკითხე, არა, ზურიკო არ მინახავსო. ეტყობა, იცოდა, რომ ვახტანგი პოზიციაზე იქნებოდა და პირდაპირ იქ მივიდა.
დილით 5 საათზე დაიწყეს ნაღმმტყორცნით ჩვენი დაბომბვა და მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, რისი გასწორებაც შეიძლებოდა.. მერე გადმოვიდნენ შეტევაზე. კამანი ისეთი ჩავარდნილი ადგილია, ზემოდან ყველაფერს ხედავდნენ. სადამდეც შევძელით, გავუძელით, 3 კაცი მყავდა დაჭრილი, თვითონ კონტუზია მქონდა მიღებული, მდინარე გადმოვლახეთ, ხიდებზე გადმოსვლა შეუძლებელი იყო. წამოვიყვანე დაჭრილი ბიჭები, ვინც მახლდა და ვინც შეძლო გადარჩენა. ზურიკო არ იყო მათ რიცხვში, რომ მოვიკითხე, არავინ არაფერი იცოდა.
მერე ვნახე ვახტანგი (მისი ნათესავი), მან მომიყვა მისი დაღუპვის ამბავიც. ზურაბთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მხცოვანი ადამიანი, ეგნატე კვიციანი. ზურიკო მძიმედ ყოფილა დაჭრილი, ვახტანგი ვერ გამოიყვანდა, იქ არ იყო, ჯერ ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა იმოდენა ბიჭის დაძვრას, ტყვიამფრქვევი ჰქონდათ იქ ჩვენებს, წერტილი ჰქონდათ. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი ესროლა მტერმა ჩვენს ტყვიამფრქვევს და მაშინ მიუღია ჭრილობები ზურიკოს…
არსებობს ინფორმაცია, რომ მძიმედ დაჭრილმა ზურამ, როდესაც მტრები შეცვივდნენ, თავი აიფეთქა და ისინიც გაისტუმრა იმ ქვეყნად. მერე, როდესაც, ასე ვთქვათ, შერიგება გამოაცხადეს (მოგვატყუეს კიდევ ერთხელ!), მოგვცეს დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენების უფლება. მტრის მხრიდან, ვინც შეესწრო მისი დაღუპვის ამბავს, დიდი პატივისცემით მოიხსენებდნენ ზურას ვაჟკაცობას. მტრის რიგებშიც იყვნენ ისეთები, ვინც სწორად და კაცურად შეაფასა ზურას ნამოქმედარი…
მადლობა თქვენ, რომ გახსოვთ ჩვენი ქვეყნისთვის შეწირულები. ზურაბი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ სრულიად, რომ იქნებოდა ერთ-ერთი იმ გულანთებულ პატრიოტებს შორის, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანდა“…
…მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1 სექტემბერს შეძლო ოჯახმა ზურას ცხედრის მოძიება. ზურაბ გურჩიანი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ეცერში.

ზურაბ გურჩიანის წერილი მამას:
„გამარჯობა, საყვარელო მამიკო!
როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერთმა. მამიკო, რა არი?! მესმის შენი, გედარდები, მაგრამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წასულა ომში. მამი, მე ვერ დაგპირდები დღეს და ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში ჩამოვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს, მიმიხედე დედას.
მამიკო, დედა სულ მეკითხება მიზეზს აქ წამოსვლისა. მამიკო, მე გეტყვი შენ ერთ რაღაცას. შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გულდედალი იყოს, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყვნენ პირველი დღეებიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკლეს თურმე ოჩამჩირეში და იმის საფლავზე დაიფიცეს, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ. მე რომ შემხვდნენ, მითხრეს, რას შვრებიო? თქვენ რას შვრებით-თქო და მიამბეს ამ ბიჭის ამბავი. ბადრი მუშკუდიანთან ერთად ჩაუგდიათ თურმე ტყვედ, დაჭრილი უწამებიათ, დაიჩოქეო. არ დაუჩოქია და მუხლები მოუმტვრევიათ. ეს ბედი ეწია სამივეს, მათ შორის, ბადრისაც. ჰოდა, მათ საფლავებზე დაუფიციათ ბიჭებს. მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი…
მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე დაუკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით, მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილებლად ვაპირებდი წამოსვლას, მამა, რატომ იცი?!. როცა მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი შენს მიწას გეცილება… ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, ჭამეო, გეუბნებიან… არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცებმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ და ვქსოვოთ.
მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მამი, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე. მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი.
მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ.
მამიკო, მაშინ ვთქვი, სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხდურს ქართველის სისხლი. მამა, ამ გაგებით შევედი გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვიტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო… ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს… დედა მეუბნება, სხვები რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევძვრები თაგვის სოროში მეც… მეტი რა მოგწერო, მამიკო. გკოცნი და გკოცნი.
ვაჟკაც კაცს არ შეშვენის „ვაი“ და „ვუი“, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი.
მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი.
ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა. მეტი რა, მამი, კარგად იყავი.
წერილი… წერილს უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართალი მიმაჩნია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა. მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშინია, დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნები. ზურა”.

იხ. დეტალურად: https://www.facebook.com/veteranebi/photos/a.243099942562420/1586385004900567

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები