რუსუდან თევზაძე: განათლების სფეროში დიდი ხანია, უკვე რადიკალური ცვლილებებისა და გარდაქმნების დროა, რათა დღეისათვის არსებულმა მყიფე სისტემამ ბოლოს და ბოლოს მდგრადობა შეიძინოს

“განათლების სფეროში დიდი ხანია, უკვე დროა რადიკალური ცვლილებებისა და გარდაქმნებისა, რათა დღეისათვის არსებულმა მყიფე სისტემამ ბოლოს და ბოლოს მდგრადობა შეიძინოს”, – ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალობაში აუცილებელია მხოლოდ იმგვარი ცვლილებები, რომლებიც რეალურ თვისობრივ პრობლემას მოაგვარებენ, ორიენტირებულნი იქნებიან ინდივიდუალურ და გუნდურ განვითარებაზე, რითაც უზრუნველყოფენ განათლების გრძელვადიან და მედეგობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

,,საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებისა და ნაკლოვანებების შესახებ უკვე არამხოლოდ ექსპერტები და დარგის სპეციალისტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ფაქტია, რომ რეალური სურათი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და, საუბედუროდ, სულ უფრო ხშირია გაუბედავი, კონიუნქტურით ნაკარნახევი და, ამდენად, სფეროს დამაზიანებელი ქმედებები. ყველასთვის გასაგებია, რომ განათლების სფეროში დიდი ხანია უკვე დროა რადიკალური ცვლილებებისა და გარდაქმნებისა, რათა დღეისათვის არსებულმა მყიფე სისტემამ ბოლოს და ბოლოს მდგრადობა შეიძინოს და გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნას გათვლილი.

განვმარტავ, რომ რადიკალურ ცვლილებებში არ ვგულისხმობ არაჯანსაღ და პოლიტიკური კონიუნქტურით გაჯერებულ ჩარევებს სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში, საუბარია სისტემურ, ევოლუციურ კონცეფციაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება უფრო მეტად არსებით, თვისობრივ და ნაკლებად რაოდენობრივ ცვლილებებზე, ასევე, სისტემაში „ოაზისების“ იდენტიფიცირება-ანალიზსა და მათი დანერგვის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.

ასე, მაგალითად, ბოლო ათწლეულების მეტად უარყოფითმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ძალიან მარტივია, დაჰპირდე ამომრჩევლის კონკრეტულ სამიზნე ჯგუფს, კერძოდ, მასწავლებლებს ხელფასის მომატებას, ან სხვა ტიპის „ბენეფიტს“ ყოველგვარი რეალური მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის გარეშე. თითქოს გასაგებია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ მოკლევადიანი პოპულისტური ქმედებაა და არა გრძელვადიანი, მედეგობაზე ორიენტირებული განვითარება, თუმცა იგი დღემდე მუშაობს და კვლავაც ძალუმადაა წარმოდგენილი მრავალი პარტიის არსენალში.

ვფიქრობ, რეალობაში აუცილებელია მხოლოდ იმგვარი ცვლილებები, რომლებიც რეალურ თვისობრივ პრობლემას მოაგვარებენ, ორიენტირებულნი იქნებიან ინდივიდუალურ და გუნდურ განვითარებაზე, რითაც უზრუნველყოფენ განათლების გრძელვადიან და მედეგობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას.
ზემოთ წარმოდგენილი კონცეფტუალური შეხედულება განათლების სისტემაზე განხორციელებადი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის თავისუფალი ნება იქნება თავად ხელისუფლების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა კი უშუალოდ განათლების უწყებაში ეყოფათ ცოდნა და გამბედაობა ყველა საჭირო და ეფექტიანი რადიკალური ქმედებების განსახორციელებლად.

ზოგადად, ნებისმიერი იდეისა და სიახლის განხორციელებას ესაჭიროება შესაძლებლობების თავისუფალი პლატფორმა. კარგი მმართველობა და კარგი დაგეგმვა კრიზისის მოგვარების გადამწყვეტი წინაპირობაა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს განათლება თუ სხვა.

ფაქტია, რომ ვერც ერთი ხელისუფლების დროს, საქართველოში განათლების სისტემის ეგრეთ წოდებული რეფორმა ვერ იქცა პრობლემებზე ორიენტირებულ საქმიანობად. ამდენად, სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი პოლიტიკური ძალის, თანამოაზრეთა, გამბედავ და მცოდნე ადამიანთა გუნდის ხილვა განათლების სფეროს სადავეებთან”, – წერს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები