მიხეილ სარჯველაძე: თუ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი თქვას ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიის კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს.
“ჩვენს პროექტში რა დებულებაც არის ჩადებული, გულისხმობს იმას, რომ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს. წინა ამნისტიებში ეწერა ამის შესახებ თუ არ ეწერა, ეს იგულისხმებოდა, რადგან ეს არის ერთ-ერთი კონვენციური უფლება საქართველოსი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირი უფლებით, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს განსჯაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პირი უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, იქვე არის კანონპროექტში მითითებული, რომ ეს უარი არ იქნება შეუქცევადი და პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში, თუკი ის სასამართლოს მხრიდან გამტყუნებული იქნება, შესაძლებლობა ექნება, შეცვალოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს უკან თავისი უარი და, შესაბამისად, მიიღოს ამნისტია. უპირატესობა მიენიჭება პირის ნებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გახლავთ კონვენციური ვალდებულება”, – განაცხადა სარჯველაძემ.