გურამ მაჭარაშვილი: მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა, ეს არც „ქართული ოცნების“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს არ წარმოადგენს, რადგან შეთანხმება უკვე შედგა
“ნიკა მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა, ეს არც „ქართული ოცნების“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს არ წარმოადგენს, რადგან შეთანხმება უკვე შედგა”, – ასე უპასუხა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კითხვას: „ნიკა მელიას ტაქტიკა ხვალ გახდება ცნობილი, გამოვა ციხიდან ამნისტიით, გირაოთი თუ ისევ ციხეზე გააკეთებს არჩევანს, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან?“.
მაჭარაშვილის თქმითვე, პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაწყებულია.
„გასაგებია, რომ მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა, ეს არ წარმოადგენს არც „ქართული ოცნების“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს იქედან გამომდინარე, რომ შეთანხმება უკვე შედგა. პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაწყებულია. შესაბამისად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მელია ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ პროცესს უნდა შემოუერთდნენ, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან, ახალი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაიწყო, რაზეც შესაბამისი განცხადებები გააკეთა როგორც შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე ევროკავშირმა. გამომდინარე აქედან, ჩვენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, სასესიო სხდომებზე ველოდებით ყველა ოპოზიციონერს, რომელმაც მოაწერა ხელი ან რომელსაც სურვილი აქვს, მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.