რუსუდან თევზაძე: აუცილებელია მუდმივი ზრუნვა უნივერსიტეტებისა თუ ინსტიტუტების თვისობრივ და ტექნიკურ განვითარებაზე

“წინა პოსტით შევეცადე, ზოგად ჩარჩოებში გადმომეცა ჩემეული ხედვა თანამედროვე ქართული განათლების სისტემის რიგი ნაკლოვანებებისა და პრობლემებისა. ბუნებრივია, ყველა პრობლემას, მათი მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ვერ და არ შევეხები, თუმცა, შევეცდები, გარკვეულ მათგანზე უფრო მეტად გავამახვილო ყურადღება”, – ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების მზაობა და ჯეროვანება მსოფლიო გამოწვევებთან მიმართებით უმნიშვნელოვანესია.

“ვფიქრობ, არ არის საკამათო, რომ ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების მზაობა და ჯეროვანება მსოფლიო გამოწვევებთან მიმართებით უმნიშვნელოვანესია, და ამას, დიდწილად, სწორედ სასწავლებლების განვითარების ხარისხი უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში იკვეთება მნიშვნელოვანი შეუსაბამობები მოქმედ კანონებსა და მათი მოთხოვნების სრულყოფილად აღსრულებას შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით.
ასე, მაგალითად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო სივრცეში ოპერირება და განვითარება სრულად დამოკიდებულია სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც პრაქტიკულად არცერთი პარამეტრით არ შეესაბამება რეალურ საბაზრო მოცემულობას. ფაქტია, რომ სახელმწიფო დაფინანსების/ასიგნების უდიდესი ნაწილი ხმარდება სახელფასო ფონდსა და ნაწილობრივ – კომუნალურ გადასახადებს.
მოგეხსენებათ, რომ, ამ საკითხების გარდა, აუცილებელია მუდმივი ზრუნვა უნივერსიტეტებისა თუ ინსტიტუტების თვისობრივ და ტექნიკურ განვითარებაზე, რისთვისაც განსაზღვრულია ე.წ. საკუთარი ფინანსური შემოსავლები, რომელიც აკუმულირდება ძალიან რთულად განსახორციელებელი კომერციალიზაციისა და, რაც მთავარია, სტუდენტების ვაუჩერული დაფინანსების ხარჯზე.
ნიშანდობლივია, რომ სტუდენტების ვაუჩერული დაფინანსება არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც მისი ღირებულება განისაზღვრა წლების წინ. ასევე, არ არის სტუდენტების დაფინანსება დივერსიფიცირებული ცალკეული სპეციფიკის გათვალისწინებით. ანუ, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მაგალითად კონირეჟისორის, მხატვრისა თუ ნებისმიერი ჰუმანიტარის განათლების უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია ერთი და იმავე ოდენობის თანხით. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ეს ცალსახად არაგონივრული და წამგებიანი მიდგომაა განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ნება და მონდომება ჯერაც არ ჩანს.
უფრო მეტიც, ქვეყნის განათლების სისტემაში არსებობს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ახორციელებს უმაღლესების ავტორიზაცია/აკრედიტაციას. აღნიშნული ცენტრი არითმეტიკული პროგრესიით ზრდის გადასახდელ თანხებს თავიანთ სერვისებზე, რაც კაბალურ მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არც მსოფლიო პანდემია და არც მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებზეც მკვეთრად უარყოფითად აისახა, არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი ფაქტორი, საკუთარი სამოქმედო გეგმის კორექტირებისათვის.
საერთოდაც, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა, იმ სახით, როგორითაც ის დღეს ფუნქციონირებს, უფრო მეტად არარელევანტური ბიუროკრატიული ორგანოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის მხრიდანაც არ ხდება რეალური გარემოებებისა და პრობლემების გათვალისწინება.

ამდენად, მიმაჩნია, რომ ამგვარი სამონიტორინგო უწყებები საჭიროებენ რადიკალურ ადმინისტრაციულ-სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელთა კონცეფცია დაფუძნებული იქნება, არა „სადამსჯელო“, არამედ თანამშრომლობით პრინციპზე და სრულ შესაბამისობაში იქნება ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან”, – წერს თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები