ბიძინა კულუმბეგოვი: დღეს ან ხვალ ,,სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანმო განცხადებას გამოაქვეყნებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დღეს ან ხვალ ,,სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანმო განცხადებას გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ,, სინოფარმი” მყარი ვაქცინაა.
„ალბათ, დღეს ან ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. დღეს ან ხვალ გვეცოდინება განცხადების შინაარსი. მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი ჯერ კიდევ დეკემბერში ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი – 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.