როგორია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო მასთან ერთად დაჭრილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ხერხემლის არეში, პაციენტის მდგომარეობა იყო შოკური. გაეწია სათანადო დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. კვლევების შედეგად, დადგინდა გულ-მკერდის მეოთხე მალის, განივი მორჩებისა და წვეტიანი მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა. მეორე პაციენტი შემოყვანილია, დაახლოებით, ორი საათის შემდეგ, “112”-ის ბრიგადის მიერ. მას აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე”, – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ უაქციზო სიგარეტი ჰქონდათ.