რუსული სპეცსამსახურების კვალი და საინფორმაციო ომი – რაზე ისაუბრა ლილუაშვილმა პარლამენტში

“დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა, ასევე, მისი კონკრეტული თანამშრომლები”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დღეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.

„ზემოაღნიშნული გამოწვევების გარდა, სხვადასხვა ჯგუფის მიერ მართული დეზინფორმაციული ომის კამპანიებს ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო  ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია. ეს არის ჩვეული მეთოდი, ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც აქტიურად გამოიყენეს არამარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ბევრ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

„საინფორმაციო ომში ასევე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, სხვადასხვა ონლაინაპლიკაცია, რომლის დაფიქსირებაც შევძელით და სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელება. განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას, საინფორმაციო ომის ფარგლებში საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად, გამოგვივიდა. ასევე, დადგინდა სხვადასხვა აქტორს შორის ურთიერთკავშირი“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით მტკივნეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არა მარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ, ზოგადად, ხელისუფლებისა და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას.

დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე, მისი კონკრეტული თანამშრომლები.

ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, მტკიცებით ფორმაში, რომელიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და პირდაპირ წყალს ასხამდა ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობლის ინტერესებზე. რასაც ისინი კარგა ხანია ცდილობენ და ამაში ეხმარებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და, ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, რაც დამაზიანებელია და შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები