ანზორ ბიწაძე: ე.წ. ნათელაშვილის ოფისის ფორმატი გაგრძელდება – ოპოზიციაში არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის კრიტიკაზე ორიენტირებული
“შალვა ნათელაშვილმა თქვა ის, რაც ჩათვალა საჭიროდ და ამასთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკული განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ”, – ასე გამოეხმაურა “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი, ანზორ ბიწაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ბიწაძის თქმით, ოპოზიცია ერთმანეთის კრიტიკაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს.
“ვთვლით, რომ ერთმანეთის განცხადებების კრიტიკით არ უნდა დავკავდეთ. ოპოზიციაში არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის კრიტიკაზე ორიენტირებული, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ასეთი კრიტიკული სიტუაციაა. ბატონმა შალვა ნათელაშვილმა თქვა ის, რაც ჩათვალა საჭიროდ და ამასთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკული განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. ე.წ. ნათელაშვილის ოფისის ფორმატი, საერთო ოპოზიციური შეხვედრები, რომელიც 2 წელიწადზე მეტია, იმართება, გაგრძელდება“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში კელი დეგნანზე დაწერა: “ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია, საქართველოსთვის არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ – დაშკოვი”.