მაია ბითაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის სამომავლო გეგმები, როგორებიცაა ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტი, სწორი ურბანული განვითარება, გამწვანება, ასევე, გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა 2021-2024 წლებისთვის. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე, იმ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, რომლებიც ქვეყანას მისაღები აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წყლის რესურსების, ინდუსტრიული ემისიების კონტროლისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში. ბევრი საკითხი განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის ჭრილში, გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის, წყლის მდგრადი მართვის საკითხი და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ამ სფეროში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.