ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხეივანი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთსა და მიმდებარე ტერიტორიას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 გმირის გვარი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.