„პანდემიის პერიოდში როგორც მევახშეების, ისე ბანკების მხრიდან დასაკუთრებული ქონების რაოდენობა ძალიან გაიზარდა“
“იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ წარმომადგენლების, გიგა წულეისკირისა და მამისა ჯაფარაშვილის განაცხადებით, პანდემიის პერიოდში იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ წულეისკირმა და ჯაფარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, მოსახლეობას ე.წ. მევახშეებისგან თავის დახსნასა და ასევე შეჩერებული მშენებლობების საკითხების მოგვარებაში დაეხმარს. ორგანიზაციის შექმნის მიზანი საკანონმდებლო კუთხით რეგულაციების მიღება და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ვგულისხმობ მევახშეების გააქტიურებულ ქმედებებს და მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევის ფაქტებს. ეს საკითხი პანდემიამდეც ძალიან მწვავედ იდგა, პანდემიის დროს კი ბევრად გაუარესდა. აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მიღებული იქნას საკანონმდებლო რეგულაციები, რათა აღმოიფხვრას ე.წ. შავი ხვრელები და ადვილი მექანიზმებით მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევა აღარ მოხდეს. ჩვენი ინფორმაციით, მევახშეებს ლობები ჰყავთ. ლობების გამორკვევისთვის აქტიურად ვიმუშავებთ. რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როცა მევახშეებმა, სამოქალაქო დავის ნაცვლად, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, 5 -ჯერ და 10-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს. გვინდა, ამ საკითხების შესწავლა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182- ე მუხლებით მოხდეს“, – განაცხადა წულეისკირმა.
მამისა ჯაფარაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში როგორც მევახშეების, ისე ბანკების მხრიდან დასაკუთრებული ქონების რაოდენობა ძალიან გაიზარდა.
„დიდი ხანია, იმ თემას ვემსახურები, რასაც ფულად- საკრედიტო პოლიტიკა და მევახშეობა ჰქვია. სამწუხაროდ, პანდემიის 1- წლიანმა პერიოდმა ძალიან გაზარდა დასაკუთრებული ქონების რაოდენობა როგორც მევახშეების, ისე ბანკების მხრიდან. განსაკუთრებით საბანკო სექტორიდან წამოვიდა ტენდენცია, რომ მსესხებლებს, ვისაც ამ 1 წლის განმავლობაში გადახდა გაუჭრიდათ, ქონება პირდაპირ გადააფორმებინეს, ვერ იხდით თანხას, გადმოგვიფორმეთ ქონება და შემდეგ 1 წელიწადში გამოსყიდვის საშუალებას მოგცემთო. სამწუხაროდ, ამ 1 წელიწადში მოსახლეობისთვის შემოსავლის წყარო არ გაზრდილა და ბანკები დიდი ქონების მესაკუთრეები გახდნენ. მათ უძრავი ქონება მიზერულ ფასში დაისაკუთრეს, შემდეგ კი მსესხებლებს ამ ქონების დაბრუნებისთვის ახალ სესხს სთავზობენ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან თავიდან ბანკი ქონებას ლიკვიდურ ფასში აფასებს, შემდეგ კი მოქალაქეებს გამოსყიდვას საბაზრო ღირებულებით სთავაზობს. ეს, ფაქტობრივად, დანაშაულია“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.
გიგა წულეისკირის თქმით, ორგანიზაცია მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს. როგორც წულეისკირმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია შეჩერებული მშენებლობების საკითხებზეც მუშაობს.
„ჩვენი მიზანია, შეჩერებული მშენებლობების გადმობარება და მსგავსი პრობლემების მოგვარება მოხდეს. სამწუხაროდ, პანდემიის მდგომარეობა ამ მხრივაც გაუარესდა და სახეზეა უამრავი შეჩერებული მშენებლობა, ბევრი დეველოპერული კომპანია საქმიანობას ვეღარ აგრძელებს. ზოგ მშენებლობას ჯარიმა აქვს, ზოგს კოეფიციენტი არ ჰყოფნის, ზოგ მშენებლობაზე თანხები არამიზნობრივადაა დახარჯული. სახელმწიფოსთან აქტიური მხარდაჭერით, მსგავსი საკითხების მოგვარება გვსურს. მოვუწოდებ ყველა დაზარალებულ მენაშენეს, მოგვმართოს ასოციაციაში, რათა პრობლემები მოგვარდეს”, – განაცხადა გიგა წულეისკირმა.