შსს – ,,მთავარი არხის” ვიდეოზე: მასალის მსგავსი ,,შეფუთვით” გავრცელება, გადამოწმების გარეშე, არის ,,ფეიკ ნიუსის” კლასიკური მაგალითი
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.
უწყების ცნობით, მასალის მსგავსი “შეფუთვით” გავრცელება, გადამოწმების გარეშე, არის ,,ფეიკ ნიუსის” კლასიკური მაგალითი.
,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, სათაურით – “ცეკვა და იარაღის სროლა – სამართალდამცველების გართობა ავტობანზე”. აღნიშნულ ვიდეოში მონაწილე პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი დანაყოფის თანამშრომლები.
ვიდეო სოციალური ქსელი “ტიკ-ტოკის” მომხმარებელმა გასულ წელს საკუთარ გვერდზე გაავრცელა. აღნიშნული პირები ერთ-ერთი კერძო დაცვის კომპანიის იმერეთის რეგიონის თანამშრომლები არიან და ავტომობილიც ამავე კომპანიას ეკუთვნის.
იმის გამო, რომ ტელეკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არ მონაწილეობენ პოლიციელები და სამართალდამცველი უწყების თანამშრომლები, მასალის მსგავსი “შეფუთვით” გავრცელება, გადამოწმების გარეშე, არის ,,ფეიკ ნიუსის” კლასიკური მაგალითი და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად მოტყუებას, დეზინფორმაციის გზით პოლიციის იმიჯის შელახვასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.