რუსუდან თევზაძე: ყველასთვის ნათელია, რომ განათლების სფეროში სასიცოცხლოდ აუცილებელია რადიკალური ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ცვლილებები

“თითქოს, ყველა ჩვენგანმა მამაოჩვენოსავით ზეპირად დავისწავლეთ, რომ სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უპირველესი ვექტორი უნდა გადიოდეს ქვეყნის განათლების კომპონენტზე, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობაში ეს ჭეშმარიტება მეტწილად ფურცელზე და სიტყვაში გამოხატული მოცემულობაა და ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პრაქტიკული აღსრულებისგან”, – ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე აცხადებს.
მისი თქმით, განათლების სფეროში სასიცოცხლოდ აუცილებელია რადიკალური ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ცვლილებები.

ექსპერტი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ეტაპზე პრიორიტეტულია.

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას” – ილია ჭავჭავაძის ეს გამონათქვამი არათუ არ კარგავს აქტუალობას, არამედ ჩვენს დროში იგი კიდევ უფრო მძაფრად და საჭირბოროტოთ აღიქმება.
თითქოს, ყველა ჩვენგანმა მამაოჩვენოსავით ზეპირად დავისწავლეთ, რომ სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უპირველესი ვექტორი უნდა გადიოდეს ქვეყნის განათლების კომპონენტზე, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობაში ეს ჭეშმარიტება მეტწილად ფურცელზე და სიტყვაში გამოხატული მოცემულობაა და ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პრაქტიკული აღსრულებისგან.
აღსრულების ხელისშემშლელი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები უთუოდ დაძლევადია თუ გადაწყვეტილების მიმღებთ, პირველ ყოვლისა, გააჩნიათ აუცილებელი ცვლილებების განხორცილების მზაობა და შინაგანი მოტივაცია, რომელიც ვერ და არ უნდა გადაფაროს პოლიტიკური კონიუნქტურით გაჯერებულმა ქმედებებმა.
ყოველ ჯერზე, განსაკუთრებით – არჩევნების წინ, მუდმივად ვისმენთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა და მასთან დაკავშირებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ერთნაირად უზრუნველყოფს როგორც მოსწავლის, პედაგოგის, სტუდენტის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ღირსეულ ყოფას, თუმცა შემდგომი ნაბიჯები ვერასდროს ვერ პასუხობს დაპირებებს და უფრო მეტიც, არსებულ ბარიერებს ახალი ბარიერები ემატებათ.
1. უპირველეს და უმნიშვნელოვანეს ბარიერს, აგერ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, კვლავაც წარმოადგენს არაინსტიტუციური, არათანამიმდევრული და კონკრეტული პერსონების სუბიექტურ მოსაზრებებზე დაფუძნებული განათლების პოლიტიკის წარმოება.

2. სამწუხარო რეალობა გახლავთ განათლების სფეროს ინსტიტუციებს შორის, ავტონომიურად თავის დამკვიდრების მიზნით, არაჯანსაღი თანამშრომლობა და ხელოვნურად შექმნილი კონკურენციის რეჟიმი, რაც, პირველ ყოვლისა, აისახება საგანმანათლებლო პროცესებზე და ერთნაირად ვნებს როგორც პედაგოგის, ასევე, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს.

უკვე მყარად ფესვგადგმული და ჩამოყალიბებული რეალობიდან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია, რომ განათლების სფეროში სასიცოცხლოდ აუცილებელია რადიკალური ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ცვლილებები“, – აღნიშნავს რუსუდან თევზაძე.

ექსპერტის განმარტავს, თუ რა შედეგი ექნება სტრუქტურულ ცვლილებებს განათლების სფეროში.
„მსოფლიოს წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, განათლების პოლიტიკას ქმნის შესაბამისი სამინისტრო, ხოლო მის დანერგვას უზრუნველყოფენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ერთმანეთთან კონსტრუქციულად მოთანამშრომლე კონკრეტული თემატური ჯგუფები.
თუ რანჟირებას გავაკეთებთ, თემატური ჯგუფებიდან ერთ-ერთი უპირველესი გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულება, რომელიც ქმნის სწავლა-სწავლების ფუნდამენტურ დოკუმენტს და განსაზღვრავს სკოლაში განათლების გენერალურ მიზანს. სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ უნდა ერთიანდებოდეს, ურთიერთგაგებასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ყველა დანარჩენი ჯგუფი. თვისობრივად ამგვარი მოცემულობის მისაღწევად კი ვფიქრობ, აუცილებელია, სამინისტროს კურატორობის ქვეშ შეიქმნას გაერთიანებული, ერთი საჯარო სამართლის იურიდიული სტრუქტურა, რომელიც აღმოფხვრის მკაფიოდ გამოხატულ შეუსაბამობებს სიპებს შორის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ადმინისტრირებისა და რეფორმის დანერგვის მიმართულებით.
ზემოთ მოცემული სტრუქტურული ცვლილების უპირველესი შედეგი იქნება:

 განათლების სისტემაში არსებული „ოაზისის“, „ახალი სკოლის მოდელის“ დაჩქარებული და სრულყოფილი დანერგვა;

 ძველი და არაერთხელ მოდიფიცირებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის საბოლოო დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად აფერხებს სასკოლო კულტურის კონცეფციის დანერგვას;

 სკოლებში, ადმინისტრირებისა და სწავლა-სწავლების პროცესში ბიუროკრატიული კომპონენტის შემცირება;

 „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის რეალური განხორციელება, რომელშიც მოიაზრება, როგორც ტექნიკური (შენობა-ნაგებობის), ასევე თვისობრივი (მენტალური) უსაფრთხოება და მედეგობა.

 როგორც სკოლების, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისათვის, ხარისხის სამსახურის მოთხოვნების ადექვატურობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც, ერთი მხრივ, მიახლოებული იქნება რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებთან და მდგომარეობასთან, მეორე მხრივ, ჯეროვანი იქნება კანონების აღსრულების ნაწილში.

ცხადია, ეს გახლავთ არსებული პრობლემების მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა, რომელთა მიმართებით ფართო სპექტრის ანალიზსა და შეფასებას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ნააზრევი ერთგვარი საფუძველი გახდება ფართო დისკუსიის გასაშლელად, იმის გათვალისწინებით, რომ ფიქრისა და განსჯის დრო დიდი ხანია უკვე ამოგვეწურა. ახლა კარგად გათვლილი, ეფექტიანი, თამამი და რადიკალური გადაწყვეტებისა და ქმედებების დროა“, – ამბობს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები