პაატა იმნაძე: დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციასთან დაკავშირებით
“დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ასტრაზენეკას” აცრის ასაკზე არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს თავიდანვე არაფერი არ უთქვამს.
„ასტრაზენეკას“ გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს არაფერი არ უთქვამს აცრის ასაკზე. ითქვა, რომ შესაძლოა, რაღაც რისკები არსებობს, მაგრამ რისკი განუზომლად დაბალია სარგებელთან შედარებით. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყანამ ასაკობრივი შეზღუდვა შემოიღო.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას, ძალიან ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ თუ პირველ დოზაზე არაფერი იყო, მეორე დოზა პრობლემა არ არის. ამიტომ, ვინც უფრო ახალგაზრდა ასაკში მიიღო, შეუძლია, ისევ მიიღოს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ერთი ქვეყანაა, რომელმაც თქვა, არა, მეორეზე სხვა ვაქცინით უნდა აიცრა. ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ორი კვირა, ვიდრე მეორე ტური დაიწყება „ასტრაზენეკასი“, დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში მიმდინარეობს.