,,ლელო” – ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის ხუთპუნქტიან შეთანხმებას არ ეწინააღდმდეგება
ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის ხუთპუნქტიან შეთანხმებას არ ეწინააღდმდეგება, – ამის შესახებ ნათქვამია ,,ლელო საქართველოსთვის” განცხადებაში, რომელიც პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
,,ლელო” იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი.
,,ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმდეგება შარლ მიშელის ხუთპუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.
მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: „ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.
მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:
„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.
აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, „ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო „ისეთი ზომები“, რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას.
კერძოდ, თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.
ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს, „ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.