თეა ახვლედიანი: თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა ენგურზე გადმოსვლისას, მთავრობა ფინანსურად დაეხმარება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
,,ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა, მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე, რა თქმა უნდა, განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.