კელი დეგნანი მარნეულში ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო (ფოტო)
აშშ-ის საელჩო განაგრძობს არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შექმნას ქვეყნის მასშტაბით, რათა საქართველოს განვითარებისა და ცვალებად სამყაროში უკეთ ადაპტაციისთვის ხალხს შესაძლებლობა ჰქონდეს, განივითაროს შესაბამისი უნარები და გაიგოს მეტი ამერიკის შესახებ.
საელჩოს ინფორმაციით, დღეს ელჩმა დეგნანმა მერთან, ზაურ ტაბატაძესთან ერთად საქართველოში მეცხრე ამერიკული კუთხე გახსნა, რაც საელჩოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგია. “მარნეულის ახალი ამერიკული კუთხე, რომელიც ქალაქის ბიბლიოთეკაში მდებარეობს, დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს არაფორმალური ინგლისური ენისა და ამერიკული კულტურის პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. STEM განათლებასა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებს.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე ფუნქციონირებს ახალციხის, ბათუმის, ხაშურის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის, თელავისა და ზუგდიდის ამერიკული კუთხეები და წეროვნის დასახლებაში არსებული ბუქმობილი, მოძრავი ბიბლიოთეკა.
ზაფხულის ბოლოს საელჩოს ასევე ექნება ხუთი ამერიკული თაროც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.