გიგა ბოკერია: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას პატივს ვცემთ, თუმცა, რაც მიგვაჩნია საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ
“ჩვენი საუკეთესო მეგობრის პოზიციას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სამი ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები მათ გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის.
„ჩვენს გადაწყვეტილებას ეს განცხადებები არ შეცვლის, ჩვენი საუკეთესო მეგობრის პოზიციას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ ყოველთვის. მეტი სიმყარისთვის შეიძლებოდა იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც მართლა მოიტანდა შედეგს ან გაამყარებდა საზოგადოების, პოლიტიკური ინსტიტუტების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და არჩევნების ნდობას, ეს არ მოხდა. ახლა ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება, ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი დავამარცხოთ – მშვიდობიანი დემოკრატიული გზებით“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, სამი ევროპარლამენტარი: მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.