„ამნისტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა პირის საქმეს უნდა შეეხოს“ – იურისტი ნოდარ მელაშვილი

იურისტ ნოდარ მელაშვილის განცხადებით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა პირის საქმეს უნდა შეეხოს. ამის შესახებ მელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„მინდა, ზოგადად შევაფასო ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, უპირველესად ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა გონიერება გამოიჩინა და ევროკავშრიის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივია. შეთანხმების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებულ ამნისტიის საკითხს ეხება. ამას როგორც პოლიტიკური შინაარსი, ისე სამართლებრივი მიმართულება აქვს. აღნიშნულ შეთანხმებაში ცალსახად წერია, რომ ეს ამნისტია 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავე პირს ეხება. ამ შემთხვევაში პოლიციელებიც იგულისხმებიან. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სხვაგვარი ინტერპრეტაცია, თუ განმარტება, ჩემი აზრით, სპეკულაციაა და საღ აზრს მოკლებულია. მხარეები თავიდანვე ცალსახად შეთანხმდნენ, რომ ამნისტიის საკითხი 20 ივნისის მოვლენებეთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს შეეხებოდა, აქედან გამომდინარე, რაღაც გარკვეულ სამართლებრივ წიაღსვლებში სვლა დაუშვებულია. ყველა თანასწორია კანონის წინაშე.

ნიკა მელია გირაოს შეთავაზებას რომ დათახმებოდა, შეთანხმებაში ამ საკითხის დაფიქსირება საერთოდ არ გახდებოდა საჭირო. მელიას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ უბრალოდ გირაო გადაეხადა და თავისუფალი ყოფილიყო. შეთანხმების დარღვევად დაფიქსირდება, თუ ამნისტია პოლიციელებზე არ გავრცელდება“- განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გუშინ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს , არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებას ისახავს მიზნად.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას“-წერია „საია-ს“ განცხადებაში.

აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, როცა საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი, ის ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ ამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია უნდა შეეხოს ყველას.
ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირშია. როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე.

ჩემი პიროვნული დამოკიდებულება თავიდანვე იყო, რომ ყველა საკითხზე სასამართლო პროცესი შემდგარიყო. ეს სასამართლო პროცესი რომ ბოლომდე მივიდეს, პოლიციელი თავისას მიიღებს, ნიკა მელია კიდევ თავისას. ამიტომ სასამართლო თუ არ შეიძლება ნიკა მელიაზე შედგეს, მაშინ სასამართლო არ უნდა შედგეს არავისზე, ეს არის ამნისტიის სულისკვეთება. აქედან გამომდინარე, ნუ დავიწყებთ სპეკულაციას და კიდევ ერთხელ მცდელობას, რომ იმ ძალებს, ვისაც კრიზისის გაგრძელება სურს, მათ წისქვილზე წყალი დავასხათ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები