შალვა პაპუაშვილი: გაცხადდა, რასაც ვამბობდით – “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ყველა ხერხით შლიდნენ მოლაპარაკებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი შარლ მიშელის შეთავაზებული ახალი დოკუმენტის უკვე ხელმოწერილ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გაცხადდა ის, რასაც “ქართული ოცნება” ამბობდა – მოლაპარაკებებს ხელს “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” უშლიდნენ.

“არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს”.

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” იყვნენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ყველა ხერხით შლიდნენ შეთანხმებას.

მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა.
არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ (“პრონწკულ”) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.

გუშინ ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).
ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები