რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინებული მუშაობა. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, რაჭის რეგიონში მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით, მონიტორინგის სისტემები მონტაჟდება.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება თერმული ნისლით წამლობა. ფუტკრის დაცვის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს მეფუტკრე ფერმერებთან, რომელთაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დასაცავად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.
მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და SMS-შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.