ზელენსკი: დაუსრულებლად ვერ ვიდგებით ევროკავშირისა და ნატო-ს მოსაცდელებში, დროა საუბრების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებაზე გადავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უნდა იყოს 100%-ით მკაფიო.

მისივე განცხადებით, დროა ევროპელი პოლიტიკოსები, საუბრების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებაზე გადავიდნენ.

ამის შესახებ მან Le Figaro-სთან საუბარში, პარიზში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.

“ემანუელ მაკრონთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მიჭერდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპული პოლიტიკა უკრაინის მიმართ 100%-ით უნდა გახდეს მკაფიო. თუ ევროკავშირი და ემანუელ მაკრონი ნამდვილად მიგვიჩნევენ ევროპული ოჯახის ნაწილად, მაშინ შესაბამისად უნდა იმოქმედონ. დროა დაასრულონ ლაპარაკი და გადაწყვეტილებების მიღებაზე გადავიდნენ”,- თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მაკრონი, ისევე როგორც ანგელა მერკელი და შარლ მიშელი უკრაინას ძალიან დაეხმარნენ, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით.

“მაგრამ, განხილვები უსაფრთხოების საკითხებზეც უნდა მიმდინარეობდეს. ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა. დაუსრულებლად ვერ ვიდგებით ევროკავშირისა და ნატო-ს მოსაცდელებში. დიდი ხანია იქიდან გასასვლელი დავიმსახურეთ. დროა, მუშაობა გააქტიურდეს, მიგვიწვიონ ევროკავშირსა და ნატო-ში”, – განმარტა უკრაინის პირველმა პირმა.

მანვე, ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უკრაინის მოქალაქეები უჭერენ.

“ეს არა მხოლოდ სამართლიანი იქნებოდა, ასევე იქნებოდა ის, რისკენაც მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეები. საფრანგეთი დიდი სახელმწიფოა. ვიმედოვნებ, რომ ის ამ სწრაფვას უჭერს მხარს. თუ ერთ ოჯახს მივეკუთვნებით, ერთად უნდა ვიცხოვროთ. მუდმივად პაემნების რეჟიმში ვერ ვიქნებით, როგორც მუდმივი საცოლე და საქმრო, ჩვენი ურთიერთობა უნდა დავაკანონთ, ბავშვები გავაჩინოთ, ანუ ალეგორიულად რომ ვთქვათ, საერთო მომავალი განვსაზღვროთ”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები