ილიასა და აკაკის ენა – სახელმწიფო ენა! –  რა მოხდა 43 წლის წინ რუსთაველის გამზირზე

„მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს,  მოსკოვში არავინ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართული ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ, 75-ე მუხლს…საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს. ბევრი ამბობდა, რომ ეს შემთხვევითია, აქ დაშვებულია შეცდომა, ეს გაუგებრობაა, სტილისტური შეცდომაა და ა.შ. კონსტიტუციის პროექტს შემთხვევითი ადამიანები არ ადგენენ. ისინი ასე იოლად არ უშვებენ შეცდომებს, გაუგებრობებს, შემთხვევითობებს… მათ შესანიშნავად იციან, რას აკეთებენ, რატომ და რა მიზნით. ამიტომ, სრულიად აშკარად და პირდაპირ უნდა ვუთხრათ – ჩვენ წავიკითხეთ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი და მივხვდით მის ნამდვილ აზრს და რაკი მივხვდით, მაშასადამე, პასუხიც უნდა მივაგოთ ახალი კონსტიტუციის პროექტის შემდგენლებს“, – აკაკი ბაქრაძე. 1978 წლის 24 მარტი. 

ზუსტად “პასუხის მიგება” იყო საბჭოთა კავშირისთვის ის, რაც 43 წლის წინ გაერთიანებულმა ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოეწყო ტრანსპარანტებით – აი, ია! ქართული ენა – სახელმწიფო ენა! ილიასა და აკაკის ენა – სახელმწიფო ენა! დედაენა!

ერთი შეხედვით, ამ დღეს აშკარა ანტიგმირები არ ჰყავს. როგორც იტყვიან, გადამწყვეტ მომენტში ყველამ ივარგა: ივარგეს ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, მათმა ლექტორებმა, ინტელექტუალთა ნაწილმა და, როგორც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, თავადაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის დაცვაში.

კრემლმა საბჭოთა რესპულიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის – რუსულის – გამოცხადება გადაწყვიტა. იდეის ავტორი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი, მიხეილ სუსლოვი იყო. საქართველოს კომპარტიის ცეკა-ს პირველმა მდივანმა მას პირადად განუმარტა, რომ საქართველოში იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევდა. ”კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება”, – იყო პასუხი.
შევარდნაძე მაშინ ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი მას შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა.
მაშინ სწორედ ედუარდ შევარდნაძემ დააინიცირა კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა. როგორც შემდეგ თავადვე იხსენებდა, ინიციატივას პირველები მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ დამღუპველად ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას, თუკი, სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებს ქართული ენის განვითარებაზე. როგორც ჩანს, მათ მარტივად თქვეს უარი ქართულ ენაზე, მაგრამ იყვნენ სხვებიც და დაიწყო სერიოზული მოძრაობა ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად. ამ მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო და 14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის გამზირზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ადგილიდან მაშინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. კომპარტიის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას ამტკიცებდა. შევარდნაძეს ინფორმატორებისგან ცნობა ცნობაზე მისდიოდა, თუ რა ხდებოდა გარეთ.

უმაღლესი საბჭოს სესია დამთავრდა. პირველი, ვინც რუსთაველზე შეკრებილებს საბჭოს გადაწყვეტილება ამცნო, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – აკაკი ბაქრაძე იყო:

“მოსკოვიდან მოვიდა მიმართვა და კონსტიტუციაში დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.” 

არავინ დაუჯერა.

საბჭოთა კავშირში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პროტესტით რაიმეს შეცვლა შეეძლოთ. არადა, გამოუვიდათ.

თამარ ჩხეიძე აქციის აქტიური მონაწილე იყო, თანაც – იმდენად აქტიური, რომ კგბ-ს წარმომადგენლებმა მის სახლში ჩხრეკა 14 აპრილამდე ჩაატარეს. თუმცა, როგორც თავად იხსნებს, მიუხედავად რეჟიმის სისასტიკისა, არ შეშინებია.

“თუკი, ზოგადად, ასეთი რამ არ ჩანდა და შეშინებული იყო საზოგადოება, დადგა მომენტი, როცა შიში განაგდეს და გონივრულად განახორციელეს ეს აქცია და მიიღეს კიდეც შედეგი. ეს შედეგი გავრცელდა სხვა რესპუბლიკებზეც”, – თამარ ჩხეიძე.

“უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ”, – თქვა 2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

ედუარდ შევარდნაძემ საბჭოს გადაწყვეტილება გამოაცხადა, აკაკი ბაქრაძის ნათქვამი დადასტურდა. მაშინ ერთი ენის მეორეთი ძალადობრივად ჩანაცვლებას აღუდგნენ წინ ქართველები და დღეს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ყოველი 14 აპრილი ქართული ენის – დედაენის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები