ალექსანდრე მოწერელია: დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობაში ახალ ეტაპზე გადასვლა
“დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობაში ახალ ეტაპზე გადასვლა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ განაცხადა.
მოწერელიას თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
„როგორც იცით, მივიღეთ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება. მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ დამოუკიდებელ მაჟორიტარად დეპუტატად. აგრეთვე, აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში. დღეს საქართველოს სჭირდება ამ დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა არის ოკუპაცია. პანდემიიდან, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობაში ახალ ეტაპზე გადასვლა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა