ზემო იმერეთი და რაჭა ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.

გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, დაგებულია 10 კმ-მდე გზა. ზემო-იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2021 წლის ბოლოსთვის. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონმიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით – ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები