პროკურორი: საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობასა და ორგანიზებას, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს მისი მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობასა და ორგანიზებას, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.
პროკურორის თქმით, დაცვის მხარე მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობასა და ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას, რომელიც, საბოლოოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაული ჩადენას და ყველა ეს მტკიცებულება გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინ, ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.