რუსეთი აფხაზებისთვის ვაქცინას არ იმეტებს – დე ფაქტო მთავრობა პრეპარატის კომერციული პარტიის შეკვეთას გეგმავს
ოკუპირებულმა აფხაზეთმა შესაძლოა, რუსული ვაქცინის კომერციული პარტია შეუკვეთოს, რადგან ამ დრომდე მოსკოვს პრეპარატი დე ფაქტო ხელისუფლებისთვის არ გადაუცია.
როგორც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა, “ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართა რუსეთის შესაბამის უწყებას აფხაზეთისთვის ვაქცინის მიწოდების შესახებ. რუსეთს ასევე რუსეთს თხოვნით პარლამენტმაც მიმართა, პრეზიდენტმა, თუმცა, ამ დრომდე მოწოდებული არ არის”.
მისი თქმით, რუსეთს ვაქცინით, პირველ ყოვლისა, “საკუთარი რეგიონი უნდა უზრუნველყო, ამიტომ, აფხაზეთში მიწოდება ჭიანურდება. ამასთანავე, პრეპარატის მოლოდინში აფხაზეთი “ვაქცინირების ოქროს პერიოდს” კარგავს”.
“გვიახლოვდება ტურისტული სეზონი, აფხაზეთში ზღვა ხალხი შემოვა. ტურისტები, სავარაუდოდ, ინფექციას შემოიტანენ, რა ზომაც უნდა იყოს გატარებული რუსეთში”, – თქვა ჯინჯოლიამ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე აცხადებდნენ, რომ რუსული ვაქცინის პირველ პარტიას მარტის ბოლოს შეიტანდნენ.
ამის პარალელურად, პირველ აპრილს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. თუმცა, აღნიშნულ შეთავაზებას ოკუპირებულ აფხაზეთში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ არ აპირებენ რუსულის გარდა სხვა ვაქცინით მოსახლეობის აცრას.
“არ ვსაჭიროებთ საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში გვეხმარება ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით”, – აღნიშნეს ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციაში.