რომან გოცირიძე – IRI-ის კვლევაზე: სურათი არის ნათელი – დღეს „ქართული ოცნება” არის აბსოლუტურ უმცირესობაში
“ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, კვლევის მიხედვით ნათელია, რომ დღეს „ქართული ოცნება” აბსოლუტურ უმცირესობაშია.
„სურათი არის ნათელი – დღეს „ქართული ოცნება” და მისი ერთი სატელიტი არის აბსოლუტურ უმცირესობაში, ვიდრე – ოპოზიციური პარტიები ერთად. ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტი ამომრჩეველს არ მოსწონს, ვის მოსწონს ბოიკოტი, ვის უნდა ერთპარტიული კომუნისტური პარლამენტი საქართველოში? ბოიკოტის არმოწონება არ ნიშნავს ბოიკოტის გზის უარყოფას. არ მოსწონს ბევრს ბოიკოტი იმის გამო, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის ადგილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა სხვა გამოსავალი არ არის, ოპოზიციამ არ მიმართოს ამ გზას და არ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ის, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს ნახევარი და თანაბარი განწყობილებაა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის პოლარიზება, პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის განმუხტვის სხვა გზა არ გამოუგონებია დემოკრატიულ ქვეყანაში არავის, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა”, – განაცხადა გოცირიძემ.