ლილოში მდებარე კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა
ლილოში, იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.
სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებებისა და საექსპერტო დასკვნებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად ნაგებობა არ დაზიანებულა და ის საცხოვრებლად უსაფრთხოა.
“ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, მოხდა საექსპერტო დასკვნები როგორც კრიმინალური პოლიციის მიერ, ასევე, იყო ჩართული მუნიციპალიტეტის ლაბორატორია, რომელმაც შეამოწმა კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ კორპუსს არანაირი საშიშროება არ აქვს, საცხოვრებლად უსაფრთხო არის და მოხდა მოსახლეობის შეშვება. ჩართული არის ყველა კომუნიკაცია. ერთადერთი იმ სადარბაზოს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და დღეს, დღის განმავლობაში იქნება აღდგენა”, – განაცხადა სამხარაძემ.
აფეთქება ლილოს დასახლებაში გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.