დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა

დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა. პირველი გეოლოგიური სამუშაოები საქართველოში 180 წლის წინ, 1841 წლიდან დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება.

“საქართველოში გეოლოგიის დღე 1965 წლიდან აღინიშნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი გეოლოგიის დეპარტამენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა,  რომელიც ახორციელებს გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებას, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებას, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენას და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგს.

საქართველოს მასშტაბით, გეოლოგიური მონიტორინგის კუთხით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, ხდება დარგის ტექნიკური და მატერიალური გადაიარაღება.

2020 წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მომზადდა 400-ზე მეტი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, შეფასდა 1100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, გამოიცა კახეთის მხარის  გეოლოგიური რუკები, შესაბამისი ანგარიშით.

მიმდინარეობს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღება-დამუშავება. მომზადდა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენები „საქართველოში 2019 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2020 წლისთვის“, „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ“ და  „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის პროგრამა – 2020“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები