მინისტრის მოადგილე მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი.
„ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა. პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია. უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება. როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა დგებუაძემ.