თამაზ გაიაშვილი: საქართველოს მთავრობამ დესტრუქციულ ძალებს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკისა და მოქმედების უფლება არ უნდა მისცეს

“საქართველოს მთავრობამ დესტრუქციულ ძალებს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკისა და მოქმედების უფლება არ უნდა მისცეს!”, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

“ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე სტატიის დაწერა მომიწია, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე ვსაუბრობდი და როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართველ ხალხსაც აქეთკენ მოვუწოდებდი. ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან არა მარტო გრძელი სახმელეთო საზღვარი, არამედ, სამწუხაროდ, პრობლემათა გრძელი ჩამონათვალიც გვაკავშირებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საქართველოს პერსპექტივაზე ფიქრიც კი ზედმეტია. საუბედუროდ, საქართველოში მომრავლებული დესტრუქციული ძალები, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან, სულ უფრო ხშირად ახერხებენ იმგვარი პროვოკაციების მოწყობას, რომელთა სავალალო შედეგების აღმოფხვრას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამ დაქირავებულმა, დესტრუქციულმა ძალებმა 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ღამეს თბილისში ახალი პროვოკაცია მოაწყეს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართულ ბუნებასა და ხასიათთან სრულიად შეუთავსებელია, ქართველი ხალხის სახელით ჩაიდინეს. საქართველოში სტუმრად ჩამოსულ 87 წლის ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს, თანაც არა მარტო რუსეთის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მოქალაქეს (საქართველოში აშშ-ის პასპორტით შემოსულს), ქართველი ხალხი იმ სამარცხვინო დახვედრას არ მოუწყობდა, რომელიც ამ პროვოკატორებმა, მსოფლიოს დასანახად, უნიჭო სპექტაკლივივით წარმოადგინეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს „სპექტაკლი“ პოზნერის წინააღმდეგ კი არა, საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც გაფუჭებული ურთიერთობების უფრო გასაფუჭებლად და დასაძაბავად იყო გამიზნული. ამ პროვოკაციას საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღის გამოწვევისა და აგორების მიზანიც ჰქონდა, რასაც, მათი მტკიცებით, ვითომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული მთელი ხუთი თვის განმავლობაში ცდილობენ, მაგრამ ვერ აღწევენ. ისინი, როგორც ჩანს, დღემდე ვერ ხვდებიან, რომ მათი მეთოდები ისე გაცვდა, არც შიგნით და არც გარეთ მათი აღარავის სჯერა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, აშშ-მა, ევროპამ არჩევნების დემოკრატიულობა ცნო და აღიარა, ესენი კი კვლავ გაყალბებულ არჩევნებზე გაჰყვირიან და ცდილობენ, ქვეყანას დესტაბილიზაციისა და ქაოსის მიმართულებით უბიძგონ. ამის შემადგენელი ნაწილი იყო ის პროვოკაციული საქციელი, რაც ამ დესტრუქციულმა ძალებმა ჟურნალისტ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩაიდინეს. უფრო მკაცრ გამოთქმასაც არ მოვერიდები: ისინი არა მარტო დესტრუქციული ძალები არიან, არამედ – ქართველი ხალხის მტრები არიან. ამიტომ, საქართველოს მთავრობას, თუკი იგი ქართველი ხალხის ნების გამომხატველია, მოუწევს, ისე მოექცეს მათ, როგორც მტერი იმსახურებს, რადგან ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ ორივე მსოფლიო ომი ანალოგიური პროვოკაციებით დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, იმ და ამ პროვოკაციებს შორის დიდი განსხვავებაც არ ყოფილა. ესენი ლაჩრები არიან და ლაჩრულად იქცევიან. თუკი პატრიოტები არიან, სამშობლოს სიყვარულს ჩამოსულ სტუმრებთან (გავრილოვი, პოზნერი და სხვ.) სამარცხვინო პროვოკაციის მოწყობით კი ნუ გამოხატავენ, სამხრეთ ოსეთთან გავლებულ საზღვრებთან გამოხატონ, ოღონდ – არა შარვლის ჩახდით, როგორც აკეთებენ-ხოლმე, არამედ მავთულ-ხლართების თუნდაც ერთი მეტრით გადაწევით. იქ გვაჩვენონ სამშობლოსათვის თავდადება და ვაჟკაცობა, თუკი ასეთი რამ გააჩნიათ, მაგრამ არა, ისინი მათთვის საფრთხის შემცველ პროვოკაციაზე არ წავლენ, მათ ისეთი პროვოკაციების მოწყობა უყვართ, რომელსაც საფრთხის ნაცვლად მსუყე ანაზღაურება მოაქვს. ამგვარ პროვოკაციებში ქართველი ხალხის სახელით აპელირება რომ სრულიად უადგილოა, ეს ნათელია. ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი სული აქვს, როდის მოწესრიგდება რუსეთთან ურთიერთობა, ვინაიდან ამაში ხედავს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და აღორძინების პერსპექტივას. აი, ეს განწყობები აცოფებთ ამათაც და ამათსავით დესტრუქციულსა და პროვოკაციულ ძალებსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომლებიც მათ პატრონობენ და თავიანთი მერკანტილური მიზნების მისაღწევად საქართველოს საშინაო საქმეებში ხელებს ბინძურად აფათურებენ. საგარეო ურთიერთობები ძალიან სათუთი და რთული სფეროა. ხაზი მინდა, გავუსვა. საგარეო პოლიტიკა ქუჩაში და ქუჩის გოგო-ბიჭების ხელით არც გაკეთებულა და ვერც გაკეთდება. უძველესი დროიდან მოყოლებული, ომის წარმოება იყო თუ ზავის დადება, სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება თუ სხვა დიპლომატიური საკითხები, უხუცესი და გამოცდილი ადამიანები წყვეტდნენ. დღეს ეს ურთიერთობები იმ ინსტიტუციებმა და ლეგიტიმურმა ორგანოებმა უნდა მოაგვარონ, ვისაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა – პარლამენტმა და მთავრობამ და არა – ქუჩაში მოყაყანე ბრბომ, თუნდაც, იგი საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებდეს. მინდა, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, ნუ აძლევს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებას მათ, ვისთვისაც ქართველ ხალხს ეს უფლება არ მიუცია”, – აცხადებს გაიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები