შალვა პაპუაშვილი: პოზნერის ჯგუფის წევრებს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული, შესაბამისად, მესაზღვრე შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას

“პოზნერის ჯგუფის წევრებს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული, შესაბამისად, მესაზღვრე შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი შემოსვლა სრულად კანონის ფარგლებში მოხდა.

„სახელმწიფოს საკმაოდ მკაცრი კანონი აქვს მიღებული უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც დარღვეული აქვთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი და ოკუპირებულ რეგიონებში ნამყოფები არიან არა საქართველოს მხრიდან, არამედ – რუსეთიდან, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ეს არის გადაადგილების სერიოზული შეზღუდვა, ამიტომ, ამას ყურადღება მკაცრად ექცევა. ვიცით, რომ ამ ჯგუფის წევრებს კანონი არავის არ ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მათი ქვეყანაში არშემოშვების რაიმე სამართლებრივი საფუძველი, გარდა იმისა, რომ შეიძლება, არსებობდეს პირადი სიმპათია, ანტიპათია და არის ძალიან ცუდი განცხადებები, რომელიც პოზნერს აქვს გაკეთებული… თუმცა, მესაზღვრე შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეაგირებას, მათი შემოსვლა სრულად კანონის ფარგლებში მოხდა. როგორც კი კანონი დაირღვა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. ასევე, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა ის დაწესებულება, სადაც, როგორც ჩანს, წვეულების გამართვა იყო დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ, შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის, ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები