ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვისაც მიუღებელია, როცა საქართველოს სხვა მოქალაქეები სახლში ისხდნენ, ხოლო პოზნერი და მისი სტუმრები დემონსტრაციულად კარანტინის პირობებს არღვევდნენ.
„მართლა, ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ის, როცა დავინახე, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეები სახლში არიან, ეს ადამიანები დემონსტრაციულად კარანტინის პირობებს არღვევდნენ. ისინი დაჯარიმდნენ და მორალურადაც გასაკიცხი ქმედება იყო, ამაში 2 აზრი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ, შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის, ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.