ალეკო ელისაშვილი: მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა
“მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების გუშინდელი პროტესტის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარულია.
„ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა „იუჟნაია შაშლიჩნაიას“, სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ. დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ, შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის, ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.