დავით მათიკაშვილი: გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე
“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავლის ნაცვლად მავანნი ისევ საკუთარი პარტიის ინტერესების ტყვეობაში აღმოჩნდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება. გრძელდება იმ კუთხით, რომ ჩვენ, ალბათ, საბოლოოდ, უნდა შევძლოთ გავიხედოთ წინ ჩვენი შვილების მომავლისკენ და რაღაცნაირად დავძლიოთ ის წყევლა, რომელიც მოგვდევს, სადაც ქართველთა ერთობა ცოტა არ იყოს რთული საქმეა. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავლის ნაცვლად მავანნი ისევ საკუთარი პარტიის ინტერესების ტყვეობაში აღმოჩნდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოდან უკვე გაემგზავრა.