ალუდა ღუდუშაური: ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება,” როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარესაა კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია
“ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება,” როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური გუშინდელი მოლაპარაკებების უშედეგოდ დამთავრებას.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს პასუხისმგებლობით უდგება.
“პრაქტიკულად მოვისმინეთ ძალიან მკაფიოდ “ქართული ოცნების” პოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო იმ მოლაპარაკებებზე ჩვენი მედიატორების მხრიდან, გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების განცხადებები. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია. “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობით უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგი აგებულია ქვეყნის ინტერესების საფუძველზე, ხოლო ოპონენტების ინტერესი ნაკარნახევია პირადად მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა.