იაგო ხვიჩია – კუბილიუსზე: ბუნებრივი განცხადებაა ჩვენი გულშემატკივრის, რომელიც ხედავს, რომ საქართველოში დიდი ხანია, პროცესები გაჩერებულია ერთ ადგილას და წინ არ მიიწევს
“ადამიანი ამბობს, რომ თუ გასაღები არის არაფორმალურ ლიდერებში და ისინი ფლობენ სიტუაციას, მოდი, იქნებ მათ დაველაპარაკოთ”, – ასე აფასებს “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.
ხვიჩიას შეფასებით, კუბილიუსის განცხადება გულშემატკივრის პოზიციიდან გაკეთებული შეთავაზებაა.
“მე მგონია, რომ ბუნებრივი განცხადებაა ჩვენი გულშემატკივრის, რომელიც ხედავს, რომ საქართველოში დიდი ხანია, პროცესები გაჩერებულია ერთ ადგილას და წინ არ მიიწევს. ეს ადამიანი ამბობს, რომ თუ გასაღები არის არაფორმალურ ლიდერებში და ისინი ფლობენ სიტუაციას, მოდი, იქნებ მათ დაველაპარაკოთ. მე მგონი ეს არასწორად იქნა გაგებული “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ხვიჩიამ.