“თუ რამე ტყუილი და არასწორი ვთქვი, მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, მაგრამ არა ცრუპენტელა ადამიანებისგან” – ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება
ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები, რომელთა ნაწილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ზიარება აუკრძალა, აცხადებენ, რომ მიტროპოლიტის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.
ბალდის მონასტრის არქიმანდრიტი, მამა ათინოგენი მიიჩნევს, რომ საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიონ, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
“ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეს იქნას გამოძიებული, სახელი დარქმეული, ვინც დასასჯელია – დაისაჯოს და დამსაჯეთ ბატონო პირადად მეც, თუ რამე ტყუილი და არასწორი ვთქვი მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, მაგრამ არა იმ ცრუპენტელა და სიტყვის მთქმელი ადამიანებისგან, რომელიც მერე ამბობს, რომ მე ამ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებო. როგორ უნდა დავემორჩილო ცრუს და მატყუარას”, – აცხადებს მღვდელმსახური.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას ცრუ უწოდა და ეპარქიაში ამბოხის მოწყობაში ადანაშაულებს.
საერო პირებს, ბერებისა და მონაზვნების ნაწილს, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანე ამბოხის მოწყობასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებს, დღეს ზიარების უფლება აუკრძალა, მოსანანიებლად კი ერთკვირიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბაშაში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.