კარლ ჰარცელი: არსებობს შეთანხმების რეალური შესაძლებლობა, თუ ყველა მხარეს ექნება საჭირო ნაბიჯების გადადგმის გულწრფელი სურვილი
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა.
„როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ გამოაცხადა, რომ მას სურს, დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს და ეს მოხდება მალე. მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა, ყველა მხარის საწყის პოზიციებთან დაკავშირებით არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობისა და ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა. ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.