საქართველოს პარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი ონლაინ სხდომა გაიმართა
საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, ნიკოლოზ სამხარაძისა და ოლექსანდრ მერეჟკოს ინიციატივით, კომიტეტების გაერთიანებული, ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ საკითხებზე კოორდინირებული პოლიტიკის წარმოების გზებზე ისაუბრეს.
სამომავლო გეგმების განხილვისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უნდა გადადგან, მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციების ერთობლივ ვიზიტზე როგორც ბრიუსელში, ასევე, ვაშინგტონში. საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამ მიზნით, ქართული მხარის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები პროფილურ კომიტეტებს შორის, ასევე, გაღრმავდეს თანამშრომლობა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკითხებზე. შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის გააქტიურების აუცილებლობაზე.