გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 18 წლისაა

25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. სერჟანტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ძლიერი და განათლებული სერჟანტთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და თავდაცვის ძალების განვითარებაში სერჟანტთა მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს. სერჟანტებს იუბილე თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმაც მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. დღესვე სერჟანტთა აკადემიაში დროშის გადაბარების ცერემონია გაიმართა. ყოფილმა მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ აკადემიის დროშა პოლკოვნიკ ფრიდონ ელბაქიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, აკადემიის ყოფილი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა. სერჟანტების ნაწილს I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” გადაეცა. ოთხი მათგანი კი დაჯილდოვდა მედლით „გიორგი ანწუხელიძე“. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს „გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს“ აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები