ალეკო ელისაშვილი: ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ
“ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს.
„გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი გავიგოთ, რაღაც პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს ვერ განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის.
მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე, ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.