საჩხერის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. არსებულ მდგომარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე ადგილზე გაეცნო.

შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად, უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. პრობლემების აღმოსაფხვრელად მერიის სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზე დილიდან აქტიურად მუშაობს.

,,უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე, დაიტბორა რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები. უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს ტექნიკა და, ფაქტობრივად, დღის ბოლომდე ყველგან იქნება აღდგენილი მდგომარეობა”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მოსული უხვი ნალექის შედეგად, საჩხერის მუნიციპალიტეტში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები.

საჩხერეში მდინარე მერჯეულასა და საირხულას მოდიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც განლაგებულია ქალაქ საჩხერის ავტოსადგური, ცენტრალური ბაზარი და სხვადასხვა სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ობიექტები.

ამ ეტაპზე, პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

მერჯევის, ჭალოვანის, სარეკის, ცხიმარეთის, ჯალაურთისა და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ასევე, დაიტბორა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

ზემოთჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები