თენგიზ ცერცვაძე: საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ან ვიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, ან უარს ვამბობთ და მოგვიწევს ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ,,ლოკდაუნების”, რაც გასულ წელს გავიარეთ
საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ან ვიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, ან უარს ვამბობთ და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ,,ლოკდაუნების”, რაც გავიარეთ გასულ წელს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე, მაჩვენებელი 42%-ზე ჩამოვიდა, რაც საგანგაშოა.
,,საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება და მეორე, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე, 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი ერთი თვის წინ, რაც ესეც დაბალია 90% უნდა იყოს და ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშოა. მინდა, იცოდეს მოსახლეობამ და მინდა მიიყვანოთ თითოეულ მოქალაქემდე, თქვენ, მასმედიამ, უდიდესი როლი გეკისრებათ ამაში, რომ საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე – უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი, ორი სცენარიდან ერთ-ერთი: პირველი – ის უარს ამბობს ვაცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვაფართოებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავს ვიკავებთ, ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს, ახალი შემთხვევები არ გაიზრდება და კიდევ უფრო შემცირდება გარდაცვალებები და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის, კომენდანტის საათის, ბიზნესი იქნება ღია, ეკონომიკა იქნება ღია, ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. მეორე გზა – რომელსაც ახლა ვადგავართ, სამწუხაროდ. ეს არის, რომ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრით, დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამისი სრული საშუალებაა ვაქცინების რაოდენობის და ინფრასტრუქტურის მხრივ. მივმართავ მოსახლეობას, არ არსებობს არავითარი საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის, ან ვიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, ან მეორე გზაა უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ,,ლოკდაუნების”, რაც გავიარეთ გასულ წელს,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.