თეა ახვლედიანი: საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვიტავს დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი

“საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვიტავს დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა, თუმცა, შედეგი არ მოჰყოლია.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე. ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ არაერთხელ საჯაროდ.

საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი.

გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა მათ შედეგი არ მოჰყოლია. ნამდვილად მექნებოდა სურვილი, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებაში თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მაინც მოიხსნას ეს საკითხი. შევხვდეთ და დახურულ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხები. ამ ეტაპზე, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ხელს უშლის დიალოგს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ კონკრეტული გზებით განვიხილოთ როგორ შეიძლება ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები