“ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება”
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველა ის პარტია, რომელიც ჩათვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივია, დაინტერესებული იქნება, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს.
მისივე თქმით, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს, ზოგადად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი სჯობდა, მაგრამ პრობლემას ინდივიდუალურ მოლაპარაკებებშიც ვერ ხედავს.
„ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება. საქართველოში ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, კარგად ხედავს, რომელი პარტიაა შორსმჭვრეტელი თავისი ქვეყნის მიმართ და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე იღებს. ყველა ის პარტია, რომელიც ჩათვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივად იქნება დაინტერესებული, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის. ყველა იმ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია და სურს, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკურად არ გარდაიცვალოს, აუცილებელია, ამ ბულინგს თავი დააღწიოს.
ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს, ზოგადად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი სჯობდა, მაგრამ პრობლემას ინდივიდუალურ მოლაპარაკებებშიც ვერ ვხედავ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩში” აცხადებენ, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს.