გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიცია არის სერიოზული გამოწვევის წინაშე – განსაკუთრებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის პროდასავლური.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებისთვის დღესაც მზადაა.
„დღეს ოპოზიცია არის სერიოზული გამოწვევის წინაშე – განსაკუთრებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის პროდასავლური. მაშინ, როდესაც მთელი ევროპული ინსტიტუციები გეუბნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმური და უნდა შეხვიდე პარლამენტში, ხოლო შენ მაინც ჯიუტად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იმეორებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ოპოზიციის ამომრჩეველში კითხვები ჩნდება. ჩვენ დღესაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის – რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე! ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ ჩვენი შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, გარდა იმ ულტიმატუმისა, რასაც ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ჰქვია. მათ არ შეცვალეს ულტიმატუმი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან ჰქონდათ იმის მიუხედავად, რომ ევროპის ინსტიტუციებიდან მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.