„შეხვდი მეცნიერს“ – გულიკო კვანტიძე, მანანა ხიზანიშვილი

23 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება გულიკო კვანტიძესთან (ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების უფროსი კურატორი, ისტორიის დოქტორი) და მანანა ხიზანიშვილთან (ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიიის კოლექციების კურატორი).
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საზოგადოებისათვის უცნობი ეთნოლოგის – ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას (1905-1975) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი დინა კოჟევნიკოვა თავისი პედაგოგის, აკადემიკოს ნიკო მარის რჩევით პირველად 1927 წელს ესტუმრა ზემო სვანეთს და მთელი შემდგომი ცხოვრება სვანეთსა და საქართველოს დაუკავშირა.
სვანეთში ხანგრძლივად ცხოვრებისას ევდოკია კოჟევნიკოვამ შეისწავლა სვანური და ქართული ენები, სვანურ ენაზე რუსული, ქართული და ნიკო მარისეული ანალიტიკური ანბანით თემატურად მრავალფეროვანი და მდიდარი ეთნოგრაფიული ცნობები ჩაიწერა. დინა კოჟევნიკოვას საარქივო მასალა, რომლის სამეცნიერო ღირებულება უაღრესად ფართო და მრავალფეროვანია შედგება 12000 ხელნაწერი და ნაბეჭდი ფურცლის, 200-მდე ფოტოსურათისა და რამდენიმე ჩანახატისაგან. მასალა 1985 წლიდან დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციებში.
ლექციაზე აგრეთვე განხილული იქნება ეთნოგრაფიული ჩანაწერები, რომლებიც დინა კოჟევნიკოვას ზემო სვანეთის თითქმის ყველა სოფელში აქვს ჩაწერილი. ჩანაწერები ასახავს სვანეთის საზოგადოებრივ და საოჯახო ურთიერთობებს, ჩვეულებით სამართალს, ხალხურ კალენდარულ დღესასწაულებს, მონადირეობას, მიცვალებულთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს. ასევე, ჩაწერილი აქვს სიმღერების ტექსტები, ლექსები, თქმულებები, შელოცვები, სიზმრების ახსნა, ხალხური გართობა-თამაშობები. მის ჩანაწერებში ამოიკითხავთ ცნობებს სამეურნეო საქმიანობის (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა), ხითხუროობის, სევადისა და დენთის დამზადების წესების შესახებ.
პროექტის „სვანეთის ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3bX3lw2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები